სიახლეები

ცაისის (ZEISS) მიკროსკოპიის ლაბორატორია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
9 აგვისტო 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ესტუმრა ოპტიკის მიმართულებით მსოფლიო ლიდერი გერმანული კომპანიისა და სამეცნიერო ფონდის „კარლ ცაის გრუპის“ (CARL ZEISS AG) დელეგაცია, მისი პრეზიდენტის დოქტორ მიხაელ კაშკეს ხელმძღვანელობით. 

ვიზიტის ფარგლებში „კარლ ცაის გრუპმა“ საქართველოში პირველი ცაისის მიკროსკოპიის ლაბორატორია გახსნა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. სასწავლო და კვლევითი ლაბორატორია მოემსახურება სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებს და ხელმისაწვდომი იქნება მიკროსკოპიით დაინტერესებული მეცნიერებისათვის.

დელეგაციას, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით კერესელიძემ უმასპინძლა. მან ღონისძიებაზე მოწვეულ აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „კარლ ცაის გრუპთან“ თანამშრომლობის ისტორია გააცნო და მათი მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „კარლ ცაის გრუპის“ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მიერ შეტანილ წვლილს სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის პროცესში.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მიხაელ ფაბრი, რომელმაც გერმანიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ამ მიმართულებით განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე.  

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია. მან ინოვაციური ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევებში გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  

„კარლ ცაის გრუპის“ პრეზიდენტი დოქტორი მიხაელ კაშკე, რომელიც გერმანიის სახელმწიფო კონსულია მეცნიერებასა და ჰუმანიზმში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საპატიო დელეგაციის თანხლებით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ალექსანდრე ფონ კორფი - ცაის გრუპის ექსკლუზიური პარტნიორი AMK-ს დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ნიკოლას ფონ კორფი - ცაისის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ულრიხ ჰოფმანი - ცაისის ბორდის აღმასრულებელი დირექტორი.

კარლ ცაისი უდიდესი ფონდი და გერმანიის სახელმწიფო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს. კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერია, როგორც სამედიცინო, ისე ბიოტექნოლოგიებისა და ასტროლოგიის მიმართულებით. მისი შემოსავლების თითქმის ნახევარი მეცნიერების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე იხარჯება.

საქართველოში პირველი ცაისის მიკროსკოპიის ლაბორატორია