სიახლეები

იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია
23 სექტემბერი 2019

23 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებსა და მოწვეულ ლექტორებს შეხვდა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსი გააცნო იურიდიულ ეთიკაში.

კურსი მოიცავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებს და აერთიანებს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და როლურ თამაშებს. სამაგისტრო საფეხურისათვის განკუთვნილ სილაბუსში მეტი აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის დარგში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი.

აღნიშნული კურსი უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფმა, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, პრაქტიკოსი ადვოკატების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა. იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით.

სილაბუსის გაზიარების მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრას ათამდე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელი და სახელმწიფო დაწესებულებების იურისტები დაესწრნენ.