სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ევროპის რეანიმაციის საბჭოს კონგრესზე
23 სექტემბერი 2019

2019 წლის 19-21 სექტემბერს, ქალაქ ლუბლიანაში გაიმართა ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) კონგრესი, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მასშტაბით 1500-მდე დელეგატმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ევროპის რეანიმაციის საბჭოს მიწვეულ ერთადერთ არაწევრ ქვეყანას, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი წარმოადგენდა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიის და ტრენინგ ცენტრის დირექტორმა გიორგი ბერიამ აღნიშნულ კონგრესზე წარადგინა კვლევა: „ევროპის რეანიმაციის საბჭოს გაიდლაინის მიხედვით, სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის ეფექტურად განხორციელების გამოწვევები საქართველოში“, რომელიც დაიბეჭდა საბჭოს ჟურნალში „რესუსიტაცია 2019“ - „Challenges of Implementing and Utilizing Effective BLS and PBLS According to European Resuscitation Council Guidelines in The Country of Georgia“.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ევროპის რეანიმაციის საბჭოს პრეზიდენტთან ჯერი ნოლანთან და დიდი ბრიტანეთის რესუსიტაციის საბჭოს პრეზიდენტთან ჯონათან უალისთან.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს ბრიტანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით უახლესი მიღწევების დანერგვას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების, ტრენინგების და სასწავლო კურსების იმპლემენტაციის მიმართულებით.