სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სტუდენტებს კლინიკური როტაციის გავლას ბრიტანეთში სთავაზობს
5 სექტემბერი 2019

აგვისტოში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ბარტსის ჰოსპიტლების გაერთიანებას (Barts Health NHS Trust) შორის ხელი მოეწერა აფილირების შეთანხმებას სამედიცინო განათლების მიმართულებით. შეთანხმების თანახმად, მედიცინის სკოლის სტუდენტები ლონდონის ვიფს ქროს ჰოსპიტალში (Whips Cross Hospital) კლინიკური როტაციის გავლას შეძლებენ ექვსი მიმართულებით: საოჯახო მედიცინა, შინაგანი მედიცინა, ქირურგია, პედიატრია, მეან-გინეკოლოგია და ფსიქიატრია. ვიფს ქროს ჰოსპიტალი ერთ-ერთი მრავალპროფილური ჰოსპიტალია ბარტსის ხუთი ჰოსპიტლიდან, რომელიც ამავდროულად მედიცინისა და სტომატოლოგიის ლონდონის სკოლის პარტნიორ დაწესებულებას წარმოადგენს (Queen Mary University of London).

ბარტსის ჰოსპიტლების გაერთიანება ევროპის ჯანმრთელობის უდიდესი აკადემიური და სამეცნიერო პარტნიორობის - UCLPartners-ის წევრია, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობისათვის ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.

ბარტსის ჰოსპიტლების გაერთიანება (Whipps Cross, The Royal London, Mile End, St Bartholomew’s, Newham Hospitals) ორ მილიონზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს აღმოსავლეთ ლონდონში და მის ფარგლებს გარეთ.