აკადემიური თავისუფლების პოლიტიკა
შესავალი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ერთგულია აკადემიური თავისუფლების პრინციპების და აღიარებს, რომ ცოდნის, სწავლებისა და კვლევის განვითარება საზოგადოების პროგრესის საფუძველია. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, რომ ყველა მკვლევარს, აკადემიურ პერსონალსა და სწავლებაში ჩართულ პირს ჰქონდეს თავისუფლება ასწავლოს, ჩაატაროს კვლევა და გამოხატოს იდეები ცენზურის ან ინსტიტუციური შეზღუდვის შიშის გარეშე. ეს პოლიტიკა ასახავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთგულებას, ხელი შეუწყოს ღია და თავისუფალ გარემოს, რომელიც მხარს უჭერს ინტელექტუალურ ძიებას, ინოვაციას, კრიტიკულ აზროვნებასა და იდეების გაცვლას.
პოლიტიკა ვრცელდება:
● ყველა აკადემიურ, კვლევით და სასწავლო პერსონალზე, მათ შორის პროფესორებზე, ლექტორებზე, მკვლევარებზე და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ნებისმიერ სხვა სასწავლო თუ კვლევით პერსონალზე.
● ყველა აკადემიურ საქმიანობაზე, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, ლექციებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, პუბლიკაციებზე და საჯარო დისკურსში მონაწილეობაზე.
პოლიტიკის დებულება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლება ვრცელდება ყველა კვლევით, აკადემიურ და სასწავლო პერსონალზე და მოიცავს თავისუფლებას:
● ასწავლო და განიხილო საგანი საკუთარი აკადემიური სფეროს ფარგლებში, პროფესიული და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.
● ჩაატარო კვლევა და გამოაქვეყნო კვლევის შედეგები ჩარევის ან შურისძიების შიშის გარეშე, სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული ვალდებულებების დაცვით.
● გამოხატო საკუთარი შეხედულებები სწავლების, კვლევის ან უფრო ფართო აკადემიური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ, სხვათა შეხედულებების პატივისცემის შენარჩუნებით; აკადემიური საზოგადოების ღირებულებებების, მათ შორის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთო ღირებულებებისა, და პროფესიული და აკადემიური სტანდარტების დაცვით.
სწავლების თავისუფლება
უნივერსიტეტი აღიარებს მისი აკადემიური პერსონალის უფლებას, განსაზღვროს სასწავლო კურსების შინაარსი, სტრუქტურა და მეთოდოლოგია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და უნივერსიტეტის აკადემიური სტანდარტების, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნებისა და გარე მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. აკადემიურ პერსონალს აქვს თავისუფლება, განიხილოს მრავალფეროვანი პერსპექტივები და წარმოადგინოს მასალა ისე, რომ ხელი შეუწყოს კრიტიკულ აზროვნებას და საკითხის დაბალანსებულ გააზრებას.
კვლევის თავისუფლება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით პერსონალს უფლება აქვს, ჩაატაროს კვლევა საკუთარი კომპეტენციის სფეროებში ინსტიტუციის ან გარე ზეწოლის დაუსაბუთებელი ჩარევის გარეშე. მკვლევარებს უფლება აქვთ, აირჩიონ საკვლევი თემები, გამოიყენონ შესაბამისი მეთოდოლოგია და გამოიტანონ დამოუკიდებელი დასკვნები საკუთარი მიგნებების საფუძველზე.
კვლევითი გრანტების გამოცხადებისას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს უფლება აქვს, დაადგინოს პრიორიტეტული ან კონკრეტული კვლევის სფეროები, ინსტიტუციური კვლევითი სტრატეგიის შესაბამისად. უნივერსიტეტს ასევე შეუძლია დაადგინოს პრიორიტეტული სფეროები დოქტორანტურის კვლევის, სემინარების ან უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობისთვის. ეს არ ეწინააღმდეგება აკადემიური თავისუფლების პრინციპებს, არამედ ხელს უწყობს გარკვეული კვლევის სფეროების განვითარებას, რესურსების განაწილებას და შეიძლება ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი საჭიროებების წინასწარ კვლევას.
აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობები
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური თავისუფლების პრინციპების დაცვას, აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
● დაიცვას პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტები სწავლებასა და კვლევაში.
● გამოიყენოს აკადემიური თავისუფლება პასუხისმგებლობით, სტუდენტების, კოლეგებისა და უნივერსიტეტის საზოგადოების უფლებების პატივისცემით.
● უზრუნველყოს, რომ აკადემიური თავისუფლების გამოყენება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან უნივერსიტეტის მარეგულირებელ დოკუმენტებსა თუ პოლიტიკის განაცხადებს, განსაკუთრებით დისკრიმინაციასთან, შევიწროებასთან ან აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულებს.
● უზრუნველყოს ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის კულტურის დაცვა სხვადასხვა შეხედულების შესწავლისა და განხილვისას.