ჩატარებული ღონისძიებები

2026 წლის გაზაფხულის სემესტრის მიმოხილვა

სისტემატიზებული სასწავლო პროგრამებით, პრაქტიკული მასტერკლასებითა და კონფერენციებიით ჩვენი საზოგადოება წარმატებით აკავშირებს თეორიულ ცოდნას რეალურ სამედიცინო პრაქტიკასთან.

გთავაზობთ განხორციელებული აკადემიური ინიციატივებისა და ღონისძიებების მიმოხილვას:

18 აპრილი-13 ივნისი, 2026

Neuro360: დაინახე სრული სურათი

საგამოცდო თემატიკაზე ორიენტირებული ნეირომეცნიერების სასწავლო სერია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო კლინიკურ სტანდარტებს (მათ შორის, PLAB, UKMLA, USMLE, FMGE და AMC გამოცდების მოთხოვნებს):

ეპიზოდი 1: ინსულტი - ყურადღება გამახვილდა სიმპტომების სწრაფ ამოცნობაზე, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების კლასიფიკაციაზე, კლინიკური შემთხვევების განხილვასა და გადაუდებელი მართვის გამარტივებულ მიდგომებზე.

ეპიზოდი 2: ეპილეფსია - მოიცავდა გულყრის კლასიფიკაციას, საგანგაშო ნიშნების ამოცნობას, დიაგნოსტიკურ მიდგომებს, ეპილეფსიური სტატუსის მართვასა და სტრუქტურირებულ კლინიკურ აზროვნებას.

ეპიზოდი 3: ნეიროლოგიური გადაუდებელი მდგომარეობები - თავის ტვინის სიმსივნეები, მენინგიტი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები და ხერხემლისა და ზურგის ტვინის მწვავე კომპრესია.

24 მაისი-28 ივნისი, 2026

კონფერენციები და ვორქშოპები

დენდის დღე 2026 (მულტიდისციპლინური კონფერენცია) - მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ მასტერკლასებს (ვენტრიკულოსტომია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები და თავის ტკივილის შეფასება).

ენდოვასკულური საზღვრები 2026 - ჩატარდა დენდის ლოკალური გუნდების  (NVU, GAU, UG, EU) ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიება დაეთმო ცერებროვასკულურ მოვლასა და თერაპიულ ენდოვასკულურ ტექნიკებს (თრომბექტომია, ემბოლიზაცია).

კლინიკური უნარები 360: თეორიიდან პალატამდე - EduGradient-თან პარტნიორობით ჩატარებული სიმულაციური პროგრამა, რომელიც მოიცავდა ინსულტის შეფასებასა და ტრიაჟს, ნეირო-ინტენსიურ თერაპიაში სასუნთქი გზების მართვას, არტერიული სისხლის გაზების (ABG) ინტერპრეტაციას, ინტრავენურ კათეტერიზაციას, ნეიროქირურგიულ შეხვევასა და ლაპაროსკოპიულ უნარებზე მუშაობას.

30 მაისი, 2026

კვლევის გზამკვლევი 360: 

სამედიცინო და სტომატოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი უნარების შესაძენად შექმნილი კურსი მონაწილეებს დაეხმარა სამეცნიერო სტატიის სტრუქტურირებასა და წერაში, ლიტერატურის სწორად მიმოხილვაში, სამეცნიერო მტკიცებულებების ორგანიზებასა და სინთეზში, ასევე აკადემიური წერისას გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებაში.

2025 წლის მიმოხილვა

Dandy, May

1 მაისი, 2025

სემინარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

ღონისძიება მოიცავდა დისკუსიას თემაზე: „როგორ მოქმედებს მენტალური ჯანმრთელობა დანაშაულებრივ ქცევაზე, ართულებს გამოჯანმრთელებასა და პოსტოპერაციულ შედეგებს“. დისკუსიას უძღვებოდნენ სასამართლო და ზოგადი ფსიქიატრი  ვანდა ჭანტურიძე და ნეიროქირურგი მადონა ახობაძე. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სად გადის ზღვარი კრიმინალურ განზრახვასა და ფსიქიკური აშლილობისგან გამოწვეულ ქცევას შორის, არიან თუ არა ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტები უფრო მოწყვლადნი ოპერაციისშემდგომი ბოდვისა (post-op delirium) ან ქრონიკული პოსტოპერაციული ტკივილის განვითარების მიმართ. რა სისტემური ცვლილებებია საჭირო ფსიქიატრიულ და ფიზიკურ ჯანდაცვას შორის არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კრიმინალური სამართლისა და რეაბილიტაციის კონტექსტში.

მონაწილეებს დახვდათ ფსიქოფარმაკოლოგიის კუთხე, ხელოვნების სივრცე და მადლიერების კედელი. სტუდენტებმა შეზღუდულ დროში გამოსცადეს ნეიროქირურგიული უნარები ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენებით „მიკროსკოპული ბურგერის“ აწყობით.

1-2 მაისი, 2025

PDMD 2025: კონფერენცია პარკინსონის დაავადებისა და მოძრაობის დარღვევების შესახებ

საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია პარკინსონის დაავადებისა და მოძრაობის დარღვევების თემაზე. ღონისძიება გაიმართა ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IBRO) და საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაციის (GNA) პარტნიორობით.

კონფერენციამ გააერთიანა სპეციალისტები საქართველოდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პროგრამის ფარგლებში NVU დენდის წარმომადგენლები გაუძღვნენ ინტერაქტიულ სემინარს ნეირომეცნიერებაში VR ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

Mental HAE (3)
Thrombectomy

26-27 აპრილი, 2025

ტუტორების სესია: შინაგანი მედიცინა II

ორდღიანი სესია შინაგანი მედიცინის ფინალური OSCE გამოცდისთვის მოსამზადებლად.

სესია 1 (26 აპრილი, 6 საათი): მოიცავდა OSCE-ის შემთხვევების განხილვასა და კლინიკური გამოკვლევის ძირითადი ტექნიკებისა და დიაგნოსტიკური მიდგომების სწავლებას.
სესია 2 (27 აპრილი, 3 საათი): იმიტირებული გამოცდა. შეზღუდულ დროში სტუდენტებს უნდა დაეძლიათ სხვადასხვა საგამოცდო კომპონენტი.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო როგორც პროფესიული კომპეტენციების გამყარებას, ასევე გამოცდისთვის თვითდაჯერებულობის ამაღლებას.

21 მარტი, 2025

ღონისძიება ინსულტის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

სემინარი მოიცავდა ორ ძირითად სეგმენტს: 

1. იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგია სიმპტომების ადრეულ ამოცნობისა და დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები: კომპიუტერული ტომოგრაფია (CTA), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ცერებრალური ანგიოგრაფია. 

2. თრომბექტომიის პრაქტიკული სიმულაცია: მონაწილეები სპეციალურ მოდელზე ასრულებდნენ პროცედურას _ თიხის „თრომბი“ მავთულით ბლოკავდა არტერიას, მონაწილეებმა გამოიყენეს ასპირაციული კათეტერები თრომბის მოსაცილებლად და პროცედურა დაასრულეს ე.წ. „პარაშუტის ანასტომოზით“.

დენდის დღე 2024: გახსნითი ღონისძიება | ნეიროქირურგიული განათლებისა და ინოვაციების ზეიმი

22 სექტემბერი, 2024

კლუბის მიზანია ინტერაქტიული და აქტიური სასწავლო გარემოს შექმნა ნეიროქირურგიითა და ნევროლოგიით დაინტერესებული მედიცინის სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის. ღონისძიების მთავარი ამოცანა იყო უახლესი გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული სწავლება და დისკუსიების ორგანიზება ნეიროქირურგიის სფეროში არსებულ მიღწევებზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნეიროქირურგები და ფსიქიატრები: ლიკა ხორბადაძე, მადონა ახობაძე, მადონა სეხნიაშვილი და მაგდა გერანტია.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს თემები:

  • ლუმბარული პუნქცია და ცერებროსპინალური სითხის (CSF) ანალიზი: პრაქტიკული სემინარი, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს ლუმბარული პუნქციის ტექნიკა და მისი მნიშვნელობა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში.
  • ნეირორადიოლოგია: დეტალური მიმოხილვა გამოსახულების ტექნიკებისა და მათი ნეიროქირურგიაში გამოყენების შესახებ.
THINK (5)
  • Neuronerds ტვინის ანატომია: სესია დაეთმო ტვინის ანატომიისა და კლინკურ გარემოში მისი მნიშვნელობის დეტალურ განხილვას.
  • ნეიროქირურგია: დისკუსია ოპერაციის შემდგომი მოვლისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე.

ვორქშოპი დასრულდა შეჯიბრებით: Brain Bee. მონაწილეებმა გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ნეიროქირურგიის დარგში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

დენდის ნეიროქირურგიული ორგანიზაცია

უოლტერ ე. დენდი (1886–1946) იყო ამერიკელი ნეიროქირურგიის პიონერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეიროქირურგიის, ცერებროვასკულარული დაავადებებისა და ნეიროანატომიის განვითარების პროცესში. მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ნეიროქირურგიულ მეთოდებს.

 

უოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული ორგანიზაცია დაარსდა მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად და მისივე ხედვის გასაგრძელებლად, ნეიროქირურგიაში განათლებისა და პროფესიული თანამშრომლობის წასახალისებლად. ორგანიზაციის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა ნეიროქირურგებს შორის მსოფლიოს მასშტაბით, რათა შენარჩუნდეს დენდის მიდგომა ინოვაციებისა და პაციენტებზე ზრუნვის საკითხებში.

Request access